• თბილისი, წერეთლის გამზრი N116
  • info@lux.com.ge

ცოტა რამ თხევადი შპალერის შესახებ

სექტემბერი 8, 2021

თხევადი შპალერი არც ისე დიდი ხანია რაც გამოჩნდა სამშენებლო მასალების ბაზარზე, ამიტომ მას ხშირად სკეპტიკურად უყურებენ. ჩვენ შევეცდებით ამ ბლოგში მოგიყვეთ თხევადი შპალერის შესახებ, მის დადებით და უარყოფითი მხარეებზე.

თხევადი შპალერის მასალა არის სადღაც დეკორატიულ თაბაშირსა და ქაღალდის შპალერს შორის. თხევად შპალერში შერწყმულია ერთი შეხედვით შეუთავსებელი თვისებები, ალბათ ამიტომაც უწოდებენ მას აბრეშუმის თაბაშირსაც. ის არის ცელულოზაზე დაფუძნებული პლასტიკური მასა, რომელიც კედლებზე წებოვანი პასტის მსგავსად თხელ ფენად ესმევა და შედეგი არის ძალიან ლამაზი, რომელიც ჰგავს რბილ თექას ან ქსოვილს. მისი ტექსტურა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს დანამატების მიხედვით. კედელზე დასატანად გამზადებული მასის თვისებები ისეთია რომ თავისუფლად არის შესაძლებელი აღნიშნული მასით კედლებზე სხვადასახვა ფერებში ხატვა. ხელოსნები ქმნიან ფერად პანორამებს, ბარელიეფებს და კედლებს ამშვენებენ მონოქრომული და ფერადი ნიმუშებით. მასალა შესაძლებელს ხდის ნებისმიერი იდეა და ჩანაფიქრი განახორციელოთ და გადაიტანოთ კედელზე.

რისგან შედგება თხევადი შპალერი?

 მასალა ძირითადად შედგება ცელულოზისგან, რომელსაც მრავალფეროვანი ტექსტურის მისაღებად უმატებენ აბრეშუმის, მატყლის ან ბამბის სინთეზურ ბოჭკოებს. სწორედ ამ დანამატების დამსახურებით მისი ფაქტურა ემსგავსება სხვადასხვა სახის ქსოვილს. დეკორატიული მიზნებისთვის შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა სახის მცირე ზომის პოლიმერული ბურთულები, ბრჭყვიალა ნაწილაკები, მშრალი წყალმცენარეების ნაწილაკები და ა.შ.

 ნაზავი, გარდა ძირითადი მასისა და დეკორატიული დანამატებისა აუცილებლად შეიცავს შემკვრელ კომპონენტს, ყველაზე ხშირ შემთხვევაში ეს არის კარბოქსიმეთილ ცელულოზა, რომლის საფუძველზეც მზადდება ცნობილი წებო КМЦ. გარდა ამისა, საღებავები, პლასტიფიკატორები, გასქელებები, ანტისეპტიკები და ფუნგიციდები, რომლებიც ხელს უშლის მიკროორგანიზმების წარმოქმნას. ზოგიერთ შემთხვევაში, ხანძარსაწინააღმდეგო კომპონენტებიც.

 თხევადი შპალერი იყიდება დაფასოებული, მშრალი კომპონენტების ნარევის სახით. მიუხედავად იმისა, თუ რისგან შეიძლება შედგებოდეს იგი, გამოყენებამდე უნდა გაზავდეს წყლით, გარკვეული პროპორციით, რაც აუცილებლად მითითებულია შეფუთვაზე. გაზავების შემდეგ, უნდა მოხდეს ნაზავის გარკვეული ვადით გაჩერება იმისათვის რომ ყველა ინგრედიენტმა შეიწოვოს საჭირო რაოდენობის წყალი. მისი კედელზე დატანა ხდება იმავე ხელსაწყოებით რაც გამოიყენება სხვა მასალებით გალესვისას.

თხევადი შპალერის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ახალი სამშენებლო მასალის გამოჩენა ყოველთვის აჩენს უამრავ კითხვას და სურვილს შეადარო ის უკვე არსებულ და კარგად აპრობირებულ მასალებს, რათა გადაწყვიტოთ შეაჩეროთ თუ არა თქვენი არჩევანი სიახლეზე. ობიექტური შეხედულების ჩამოსაყალიბებლად უნდა ჩამოვთვალოთ თხევადი შპალერის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

უპირატესობები დეკორატიული საფარს უამრავი აქვს, ამიტომ აქ გამოვყოფთ მხოლოდ ძირითადს

ეკოლოგიურობა – თხევადი შპალერი შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ და ადამიანისთვის უსაფრთხო კომპონენტებს. მისი ძირითადი ინგრედიენტია ცელულოზა რომელიც არის ნატურალური, ბუნებრივი ნივთიერება. ამიტომ მისი გამოყენება კარგია იმ ოთახების გასაფორმებლად, სადაც ბავშვები და ალერგიული ადამიანები ცხოვრობენ.

მოქნილობა – თხევადი შპალერის გაზავებული მასა ძალიან მოქნილია, ის გავს შესქელებულ პასტას და ამის წყალობით, იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე რთული კონფიგურაციის ზედაპირზე დასატანად. მასა შესანიშნავად ჯდება ნებისმიერ ზედაპირზე და საიმედოდ ეჭიდება მას. გაშრობის შემდეგ ის ძალიან მყარად ეკვრის ზედაპირს/კედელს და ე.წ. „შენობის დაჯდომის“ შემთხვევაშიც არ იკეთებს ბზარებს.

საიზოლაციო თვისებები – თხევადი შპალერის მასალის სტრუქტურა ისეთია რომ მასში რჩება ძალიან პატარა ჰაერის „ბუშტუკები“, ეს კი ნიშნავს რომ მისი საიზოლაციო თვისებები საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ კედლები ასევე აღჭურვილია თბოიზოლაციური მასალით. თხევადი შპალერი ასევე ბლოკავს ხმაურს დაახლოებით 10-15% -ით.

შენარჩუნებადობა – კედლის სხვა საფარები, მაგალითად ჩვეულებრივი შპალერი, განიცდის ცვეთას, ჩნდება ნაკწრები, ლაქები და ა.შ. ხოლო ამ დეფექტების წერტილოვანი აღმოფხვრა ისე რომ ეს შეუმჩნეველი დარჩეს ფაქტიურად შეუძლებელია. რაც შეეხება თხევად შპალერს – მისი უდიდესი პლიუსია მისი აღდგენის შესაძლებლობა, საკმარისია დაზიანებული ადგილის მოცილება, მშრალი მასის წყალში დასველება და ხელახლა წასმა.

მარტივი გამოყენება – თხევადი შპალერის მასის მომზადება და შემდეგ მისი კედლებზე დატანა გახლავთ ძალიან მარტივი და არ მოითხოვს განსაკუთრებულ უნარებს. გაშრობის შედარებით დიდი დრო უპირატესობაა დამწყებთათვის, რადგანაც ეს საშუალებას იძლევა გამოსწორდეს ხარვეზები, რომლებიც თავიდანვე ვერ იქნა შემჩნეული.

მრავალფეროვანი არჩევანი – თხევადი შპალერის ასორტიმენტი ძალიან მრავალფეროვანია, თითოეულ მწარმოებელი გვთავაზობს ასობით ფერს, რაც საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ოპტიმალური ვარიანტი.https://www.youtube.com/embed/cOvS-lbg0kw

თხევადი შპალერის უარყოფით მხარეები

სამწუხაროდ, სრულყოფილი დეკორი ჯერ კიდევ არ გამოუგონებიათ, შესაბამისად თხევად შპალერსაც აქვს უარყოფითი მხარეები.

შედარებით მაღალი ფასი – მიუხედავად იმისა, რომ თხევადი შპალერის დატანა შესაძლებელია უსწორმასწორო ზედაპირზეც და ამიტომ შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ კედლების ძვირადღირებული დამუშავება, რომელიც საჭიროა ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, იქნება ეს კედლების უბრალო შეღებვა და თუ ტრადიციული შპალერი, უნდა გვესმოდეს რომ აქ მთავრდება ეკონომია. თხევადი შპალერის ფასი მაინც მაღალია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ნიუანსი – მასალის ხარჯის ზუსტად გათვლა საკმაოდ რთულია, ეს დიდწილად დამოკიდებულია ოსტატზე, რომელიც ამზადებს მასას კედლებზე დასატანად, როგორი სიმკვრივის მასას მოამზადებს, რამდენად სქელ ფენას ადებს და ა.შ.

მიდრეკილება ლაქების გაჩენისკენ – თხევადი შპალერი ძალიან მგრძნობიარეა სისუფთავისა და ფერების მიმართ, აუცილებელია ფერების დაწმენდა და გათანაბრება თავიდანვე. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროთა განმავლობაში, შესაძლოა უსიამოვნო ლაქები ან ზოლები გაჩნდეს. კედელში დარჩენილი მეტალის სამაგრებმაც კი შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ ეს ყველაფერი უნდა იქნას გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებამდე.

მგრძნობიარეა ტენიანობაზე – წყლის მოხვედრის შემთხვევაში გამშრალი თხევადი შპალერი სწრაფად შთანთქვს მას, რაც არბილებს მასას და შესძლებელია მისი მარტივად გაფუჭება. ამ მიზეზით, ის არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მაღალი ტენიანობის მქონე ოთახების გასაფორმებლად. საფარის გაწმენდა სველი მეთოდით დაუშვებელია, მისი წმენდა დასაშვებია მხოლოდ მშრალი მეთოდი, რაც ყოველთვის არ არის საკმარისი.

თხევადი შპალერის უარყოფით მხარედ, თვლიან ასევე მისი გაშრობისთვის საჭირო შედარებით ხანგრძლივ ვადას, რომელიც სხვადასხვა პირობებში შესაძლოა გაგრძლედეს ორი-სამი დღიდან ერთ კვირამდე. თუმცა, ეს უფრო მისი მახასიათებელია, ვიდრე უარყოფითი მხარე, ამიტომ უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ.

მიუხედავად იმისა რომ თხევად შპალერზე მოთხოვნა დღეს არც ისე დიდია, როგორც მის ტრადიციულ ანალოგებზე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დროთა განმავლობაში მისი პოპულარობა მხოლოდ გაიზრდება.

X